13/06/2026
საგადასახადო სამსახური 9 წლის ბავშვის სმენის აპარატის კომპენსაციის ვალის გამო ჩამოჭრას აპირებდა.
ბიუროკრატიის მსხვერპლი გახდა 9 წლის ახილეა, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სმენის სპეციალური აპარატები. მიზეზი ის არის, რომ მშობლების ანგარიშზე შესაბამისი დახმარების (კომპენსაციის) ჩარიცხვის შემთხვევაში, ამ თანხას მათ საგადასახადო სამსახური ვალის გამო ჩამოაჭრიდა.
“ცენტრიდან გოგონამ დამირეკა და მითხრა: “ქალბატონო რენა, ნუ დაიწყებთ პროცედურას, რადგან გამოჩნდა ვალი და როდესაც საბუთებს გააფორმებთ, საგადასახადო სამსახური თანხას დაგიკავებთ, მოხდება ვალის ურთიერთგაქვითვა“,“ – განუცხადა დედამ ტელეკომპანიას.
“ძალიან აღვშფოთდი, ძალიან გავბრაზდი და ვთქვი – რატომ? ეს ყველაფერი ავტომატურად (დაცულად) უნდა ხდებოდეს. ანუ, ტრაგიკულია, ბავშვი ისჯება და არა მშობელი,“ – დასძინა მან მოგვიანებით.
არსებული ინფორმაციის თანახმად, საბერძნეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ორგანიზაციის (EOPYY) მიერ სმენის აპარატებისთვის გათვალისწინებული 500 ევროს ოდენობის კომპენსაცია დაცულია და მისი ჩამორთმევა (ყადაღის დადება) შეუძლებელია.
თუმცა, განათლების სამინისტროს საკუთარი სახსრებიდან გამოყოფილი შესაბამისი დახმარება, რაც სმენის პრობლემების მქონე ბავშვისთვის თითო აპარატზე 1500 ევროს შეადგენს, მსგავსი სამართლებრივი დაცვით არ სარგებლობს.
საბოლოოდ, პროცესში ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი“ ჩაერთო და ოჯახმა სმენის აპარატები იმპორტიორი კომპანიისგან ყოველგვარი საფასურის გარეშე, უფასოდ მიიღო.
საბერძნეთის საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანოს (ΑΑΔΕ) წყაროებმა განაცხადეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის ყადაღის დადების ან ჩამოჭრის ფაქტი არ მომხდარა.