30/12/2025
ბათუმის დინამოს გასხვისების პროცესი დასრულდა და კლუბი ოფიციალურად, მის ახალ მესაკუთრეს, სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-ს გადაეცა. სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-ის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი ბიზნესმენი თემურ მიქელაძეა.
ამ გარიგებაში მონაწილეობა Sports Orient-ის გუნდმა მიიღო, რომელმაც პროექტზე საწყისი ეტაპიდან იმუშავა. ჩვენი სამუშაო ჯგუფი აუდიტორული, იურიდიული, ფინანსური, სპორტის მართვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგება და საწყის ეტაპზე, კლუბში არსებული მდგომარეობის დეტალურ შესწავლას მოახდენს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, Sports Orient-ის გუნდი, პარტნიორებთან ერთად, დინამო ბათუმის მდგრადი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს.
“ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ გადაბარების პირველი პრეცედენტი, რომელიც ჩვენი კომპანიის ჩართულობით განხორციელდა, ეხება ისეთ ისტორიულ და მნიშვნელოვან ქართულ კლუბს, როგორიც დინამო ბათუმია.
მოხარული ვართ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიციის მონაწილენი გავხდით. Sports Orient-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში საფეხბურთო კულტურის და ეკოსისტემის გაძლიერებაში, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხარდაჭერაა, რაც გამართული საკლუბო ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია.
მიგვაჩნია, რომ ბათუმის დინამოში სააქციო საზოგადოება დ.ბ 1923-ის, მისი დამფუძნებელისა და მთავარი აქციონერის ბიზნესმენ თემურ მიქელაძის შესვლა და ინვესტირება ამ ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს და საკლუბო ფეხბურთში მართვის ახალ სტანდარტს დააწესებს. მსგავსი მასშტაბის ტრანზიცია საკლუბო ფეხბურთის გაძლიერებასთან ერთად, ბიზნესს ფეხბურთით და სპორტით დაინტერესებას კიდევ უფრო დიდ იმპულსს მისცემს.
ვულოცავთ დინამო ბათუმს, მის გულშემატკივარს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ შეთანხმების წარმატებით დასრულებას. მადლობას ვუხდით პროცესში ჩართულ ყველა ჯგუფს თანამშრომლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის. წარმატებები დინამო ბათუმს!” - Sports Orient-ის დამფუძნებელი ოთარ მუმლაძე.